სახალხო დამცველის განცხადება ახალი პენიტენციური კოდექსის თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ახალი პენიტენციური კოდექსის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალ კოდექსში რჩება გაუმჯობესების სივრცეები, იგი პატიმართა უფლებების უკეთ დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საგულისხმოა, რომ პენიტენციური კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოსაზრებები წარუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, მოგვიანებით კი სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა და შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა.
სასიხარულოა, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, რაც აისახა კიდეც ახალ პენიტენციურ კოდექსში. კერძოდ, გაზიარებული სახალხო დამცველის რეკომენდაციების შედეგად:
- პატიმრის მხრიდან დისციპლინური დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორს ეკისრება ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერის დაარქივებისა და შენახვის ვალდებულება, როგორც პატიმრის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულების;
- განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს მიენიჭათ ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება;
- პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა ბრალდებულთათვის არანაკლებ 4 კვ.მ.-ის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება;
- მსჯავრდებულს, მისივე წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეეცვალოს: ხანმოკლე პაემანი - სატელეფონო საუბრით ან ვიდეოპაემნით; ხანგრძლივი პაემანი - ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით; საოჯახო პაემანი - ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, პენიტენციურ კოდექსში არ არის გათვალისწინებული სახალხო დამცველის პოზიცია ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად:
- არ არის განსაზღვრული პატიმრების დისციპლინური დარღვევის სახეები (ნაკლებად მძიმე დარღვევა, მძიმე დარღვევა და განსაკუთრებით მძიმე დარღვევა) და დარღვევის თითოეული სახის მიმართ შესაბამისი სახდელები (სახდელის სიმკაცრის გრადაცია);
- არ მომხდარა დისციპლინური სახდელის სახით გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი კონტაქტი დანაშაულს უკავშირდება;
- არ დადგენილა ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
- პროკურორებს/გამომძიებლებს კვლავ რჩებათ შესაძლებლობა, რომ ბრალდებულებს შეუზღუდონ სატელეფონო საუბრის უფლება, რაც მათ შორის, ადვოკატთან კომუნიკაციის შემთხვევებზეც ვრცელდება;
- არ გაზრდილა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდებულებისთვის პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა; არ გაზრდილა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების რაოდენობა;
- არ შემცირებულა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა;
- მოქმედი კოდექსისგან განსხვავებით, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ეზღუდება ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გასული წლების მსგავსად, გააგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას. ასევე, გააგრძელებს მუშაობას ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომაროების გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას და მათი იმპლემენტირების მიზნით ადვოკატირებას.