სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა პროექტის „ბავშვი და პოლიცია“ პირველი ეტაპი დაასრულეს

2022 წლის 24 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებთან შეხვედრები გამართა. პროექტის მიზანი ბავშვებისთვის საკუთარი უფლებებისა და სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე პოლიციელებთან ურთიერთობის დროს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის წარმომადგენლები, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოებთან თანამშრომლობით, ეწვივნენ კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, თბილისის, იმერეთის, სვანეთის, გურიისა და აჭარის სკოლებს. რწმუნებულები 62 სხვადასხვა სკოლის 2 269 მოსწავლეს, მათ შორის, კანონთან კონფლიქტში მყოფ და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა ბავშვების უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციასა და კოლეჯშიც.

მოსწავლეებთან შეხვედრების დროს ბევრი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც რეგიონებში პოლიციის საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვან წარმოდგენას იძლევა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საპოლიციო მოქმედებებს, როგორიცაა იდენტიფიკაცია (განსაკუთრებით, ბავშვებისთვის ფოტოების გადაღება), გამოკითხვა და ზედაპირული შემოწმება. რწმუნებულებმა ისაუბრეს ამ ღონისძიებების კანონიერების წინაპირობებზე და ბავშვებს აცნობეს, თუ რომელ ორგანოებს უნდა დაუკავშირდნენ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ბავშვებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტებიც.

მოსწავლეებისა და მასწავლებლების/სკოლის ადმინისტრაციების მიერ გამოხატული განსაკუთრებულად დადებითი შთაბეჭდილებებისა და გამოჩენილი სამომავლო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი შემოდგომიდან, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებთან შეხვედრებს გააგრძელებს. მსგავსი თემატიკის შეხვედრები გაიმართება სტუდენტებთანაც. აქვე, სახალხო დამცველი განსაკუთრებულად აღნიშნავს და მიესალმება ბავშვების მიერ სამოქალაქო განათლებისა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ დაფიქსირებულ მაღალ სამოქალაქო შეგნებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)