სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს შშმ მსჯავრდებულისთვის საშიშროების რისკის გადაფასების წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის საქმე და დაადგინა, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი არსებითი დარღვევებით წარიმართა. პენიტენციური სამსახურის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მსჯავრდებულის საქმის არაჯეროვანი და არასრულყოფილი გაანალიზების შედეგად, მსჯავრდებულს განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკის სახე და მოთავსდა დახურული ტიპის დაწესებულებაში, რამაც ავტომატურად გამოიწვია გარკვეული უფლებების დამატებითი შეზღუდვა.

დადგინდა, რომ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ საშიშროების რისკის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულის დისციპლინური სახით დასჯის ფაქტზე; იმაზე, რომ მსჯავრდებულს არ აქვს სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში მონაწილეობის სურვილი და არ აქვს მუშაობის სურვილი.

სახალხო დამცველის აპარატმა კი გაარკვია, რომ 1. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული იყო სამჯერ; 2. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონკრეტულ პროგრამაში და 3. მსჯავრდებული არის შშმ პირი და სარგებლობს ეტლით, ხოლო N2 პენიტენციურ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაწესებულების სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვა შეუძლებელია.

ამრიგად, რისკების შეფასების გუნდმა არ იმსჯელა სრულყოფილად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ამასთან, არ გაითვალისწინა შშმ პირთა განსაკუთრებული საჭიროებები და მსჯავრდებულის რისკის შეფასებისას გამოიყენა ისეთი კრიტერიუმი, რაც მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობდა არსებითად განსხავებული მდგომარეობის მსჯავრდებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება, აღნიშნული წარმოადგენს კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრსა და N2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მიმართა და მოითხოვა:

  • გეგმიური ვადის დაუცველად მსჯავრდებულის რისკის გადაფასება
  • დისციპლინური საქმისწარმოების ჩატარება შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის სავარაუდო არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე
  • მომავალში, მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ შშმ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება

სახალხო დამცველი გააგრძელებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის მონიტორინგს და მსგავსი შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კვლავ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)