სიახლეები

კონფერენცია თემაზე - ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის

2022 წლის 13 დეკემბერს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში - ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).

კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, სახალხო დამცველის აპარატის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და მომავლის ხედვაზე იმსჯელეს; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების სათანადო რეალიზებისთვის მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ ისაუბრა უფლებადამცველების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ როლზე დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, თანასწორობის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების თვალსაზრისით; ხაზი გაუსვა მათ დასაცავად შექმნილი გარანტიების აღსრულების აუცილებლობას.

ასევე ისაუბრა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დამატებითი რეგულირების ქვეშ მოქცევის ინიციატივაზე, რამაც, შესაძლოა, მომავალში უფლებადამცველთა საქმიანობის თავისუფალი სივრცის შევიწროების საფრთხე შექმნას; უფლებადამცველებზე (განსაკუთრებით ქალთა და ლგბტქი+ თემის უფლებადამცველებზე) განხორციელებული თავდასხმების, მუქარის თუ სხვაგვარი დანაშაულებრივი ქმედებების არაერთ ფაქტზე; შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ეფექტიანი ჩართულობისთვის სირთულეების შექმნაზე. ასევე, ისაუბრა მედიის წარმომადგენლების მიმართ შექმნილი საფრთხის შემცველ და მტრული გარემოზე, რაც მკაფიოდ წარმოაჩინა 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა, რომლის შედეგად, 40-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი დაშავდა.

თამარ გვარამაძემ ისაუბრა შექმნილ სირთულეებზე, თავდასხმებსა თუ მუქარებზე, რომელსაც სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატის განიცდიდა, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, როგორც ხელისუფლების, ისე რადიკალური ჯგუფების მხრიდან. ყველა ამ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველს მხარდაჭერა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველმა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა გამოუცხადეს. ამას გარდა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია, აქტიურად უჭერენ მხარს სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებას ტრენინგების თუ სხვადასხვა ღონისძიებებით.

საქართველოში უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ეფექტიანი რეალიზაციის საკითხებზე, გამოწვევებსა და პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ.

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა ჩხაიძემ ისაუბრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ძირეულ ხარვეზებზე და პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემებზე, ასევე, ამ მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის როლსა და საქმიანობის შედეგებზე და ხაზი გაუსვა სისტემური ცვლილებების საჭიროებას.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მიღწეული შედეგები და გამოწვევები სამომავლო გეგმებთან ერთად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)