სიახლეები

ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი საკონსტიტუციო სარჩელების თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა 2022 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 7 კონსტიტუციური სარჩელით. კონსტიტუციური სარჩელები ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ სხვადასხვა სისტემურ პრობლემას შეეხება და არაერთ ნორმატიულ აქტს და ძირითად უფლებას მოიცავს:

  • 4 ნოემბერს შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი სამართლებრივი აქტები, რომლებიც, ერთის მხრივ, არ ითვალისწინებენ ბრალდებულის ჯანმრთელობის სამედიცინო შემოწმებას, ციხიდან მისი გაყვანის და შეყვანის დროს, ხოლო, მეორეს მხრივ, ამგვარი სამედიცინო შემოწმების აუცილებელ წინაპირობად პაციენტის თანხმობას განსაზღვრავენ;
  • 4 ნოემბერს შეტანილი კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია, რამდენიმე მუნიციპალიტეტის დისკრიმინაციული კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც შშმ პირთა სოციალური პროგრამებიდან გამორიცხავენ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს.
  • პირველ დეკემბერს შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი შეეხება არაწინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსების აკრძალვას. სადავო ნორმატიული აქტები გასაჩივრებულია გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპთან მიმართებით;
  • პირველ დეკემბერს შეტანილი შემდეგი კონსტიტუციური სარჩელი შეეხება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას, რომელიც დევნილებს 3 წლის განმავლობაში უკრძალავს საკუთრებაში გადაცემული უძრავის ქონების გასხვისებას;
  • პირველ დეკემბერს შეტანილი კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს პატრულ-პოლიციელების მიერ პატრულირების დროს სამხრე ვიდეო-კამერების გამოყენების ვალდებულების დადგენას, როდესაც პატრულ-პოლიციელი უფლებამოსილების განხორციელების დროს ურთიერთობს მოქალაქესთან ან სხვაგვარად ზემოქმედებს მის კონსტიტუციურ უფლებებზე. ამჟამად მოქმედი წესის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პატრულირებისას სამხრე კამერა წარმოადგენს პატრულ-პოლიციელის აღჭურვილობის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს, მისი გამოყენება, მთლიანად პატრულ-პოლიციელის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. შესაძლო არასათანადო მოპყრობის საჩივრის განხილვისას ვიდეო ჩანაწერის არსებობა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას უწყობს ხელს;
  • პირველ დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე გაასაჩივრა დისკრიმინაციული წესი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანს უზღუდავს უფლებას ერთდროულად ისარგებლონ როგორც ვეტერანის საყოფაცხოვრებო სუბსიდიით, ისე შშმ-პირისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტით.
  • პირველი დეკემბრის კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც პირის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)