სახალხო დამცველის განცხადება მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით
N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
სახალხო დამცველის აპარატში მომართვისას მსჯავრდებულმა რ.შ.-მ მიუთითა, რომ 2023 წლის 6 და 11 აპრილს, ასევე, 2023 წლის 16 მაისს სოციალურ მუშაკს გადასცა კონფიდენციალური საჩივრები კონკრეტულ უწყებებში გაგზავნის მიზნით, თუმცა, კორესპონდენციის ნაწილი არ გაიგზავნა.
სახალხო დამცველის აპარატმა ჩატარებული საქმისწარმოების ფარგლებში დაათვალიერა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და დაადგინა, რომ მსჯავრდებულმა მითითებულ დღეებში მართლაც გადასცა კონფიდენციალური საჩივრები სოციალურ მუშაკს. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით კი, პენიტენციურმა დაწესებულებამ მითითებული კორესპონდენციის მხოლოდ ნაწილის ჩაბარება დაადასტურა, ნაწილის კი - უარყო.
საქმის შესწავლის საფუძველზე, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და რ. შ.-ს მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტებზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება მოითხოვა.
სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ დისციპლინური სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დაადასტურა. შედეგად, ორ პირს დისციპლინური სახდელი დაეკისრა.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ რ.შ.-ს მიმართ მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიურ შემთხვევას უახლოეს წარსულშიც ჰქონდა ადგილი, როდესაც დისციპლინური სახდელი სამ პირს დაეკისრა.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების, მათ შორის, მიმოწერის უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას. აპარატი მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მონიტორინგს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით.