სიახლეები

წინადადება საქართველოს მთავრობას შშმ პირებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებისა და მონაცემთა შეგროვების შესახებ

2016 წლის 13 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. მიმდინარე წელს კონვენციის მიღებიდან ათი წელი შესრულდა.

მიუხედავად საქართველოს მხრიდან კონვენციის რატიფიცირებისა, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს მისი იმპლემენტაცია. კონვენციის 31–ე მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია აწარმოოს შშმპირთა შესახებ სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები. აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონვენციის განხორციელების, მონიტორინგის და შეფასების პროცესისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება შემოიფარგლება მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში ამ პირთა საერთო რაოდენობის აღრიცხვით, მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის, თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე, რაც არ იძლევა სრულ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ. ანალოგიურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოებული სტატისტიკა მხოლოდ სოციალური პაკეტისა და სხვა სახელმწიფო გასაცემლის მიმღებ, ასევე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობის შესახებ, ვერ უზრუნველყოფს რელევანტური ინფორმაციის შეკრებას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანების ფუნქციური შეზღუდვის თაობაზე, ასევე ვერ იძლევა დასაქმების მაძიებელ პირთა სრულყოფილი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ წარმოებული სტატისტიკა და მონაცემები არ ასახავს მათი უფლებების დაცვის შესახებ ობიექტურ და ნათელ სურათს. შესაბამისად რთულია ანალიზის მოხდენა რამდენად სრულყოფილად იცავს სახელმწიფო ამ პირთა უფლებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებისა და მონაცემთა შეგროვების შესახებ, შემდეგი რეკომენდაციებით:

  • საქართველოს მთავრობამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეფექტური კონტროლის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე დააწესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თაობაზე შესაბამისი სტატისტიკის წარმოების ვალდებულება
  • უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოების პრინციპებისა და მეთოდების შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან და მისი დეტალიზება
  • უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკის ინკორპორირება სტატისტიკის წარმოების არსებულ სისტემასთან, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის სრულ მონიტორინგს და მისი დაცვის ხარისხს
  • უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ორგანიზაციების ჩართულობა როგორც მონაცემთა შეგროვების კრიტერიუმების განსაზღვრის, ისე სტატისტიკის წარმოების პროცესში
  • უზრუნველყოს წარმოებული სტატისტიკისა და შეგროვებული ინფორმაციის გავრცელება მისაწვდომი ფორმით
  • სტატისტიკური სამუშაოების პროგრამამ მოიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული დეტალიზებული ინფორმაციის შეგროვება, როგორიცაა სმენის, მხედველობის, გადაადგილების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შეზღუდვა, ასევე შეზღუდვის სახეები: ფიზიკური, მენტალური, ინტელექტუალური, სენსორული
  • კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მიზნობრივი პროგრამებისა და პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმის ჩამოყალიბება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კვლევების ჩატარება და კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა

იხილეთ წინადადების ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)