სიახლეები

წინადადება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ბავშვობის ასაკიდან იმყოფებიან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ იძულებულნი ხდებიან დატოვონ შესაბამისი დაწესებულებები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების გარეშე. სახელმწიფო მათ არ სთავაზობს ადეკვატურ მხარდაჭერას, რის გამოც, სხვა სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ისინი საცხოვრებლისა და შესაბამისი სერვისების გარეშე რჩებიან. აღნიშნულის გამო ვერ ხერხდება მათ მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილი სარგებლობა.

ხელისუფლებას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა/სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს, გარემოში არსებული ბარიერების დაძლევას და მათთვის ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტს. საკითხს რიგ შემთხვევაში არეგულირებს ეროვნული საკანონმდებლო აქტები, თუმცა მათი უმრავლესობა პრაქტიკაში არ მუშაობს.

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით დიდი ფინანსური რესურსის ხარჯვას და არ წარმოადგენს დაუძლეველ ტვირთს, ნების არსებობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მთავრობას მიმართა შემდეგი რეკომენდაციებით:

  • პასუხისმგებელი სამინისტროების ჩართულობით მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების საკანონმდებლო რეგულირება, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად
  • პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით, შეიქმნას სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ამ პირთათვის გარანტირებული უფლებების პრაქტიკულ იმპლემენტაციას
  • სამოქმედო გეგმაში გაიწეროს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი კონკრეტული პროგრამები, ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანებით, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებებით, შესრულების ინდიკატორებით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებით და კონკრეტული დაფინანსების წყაროებით
  • სამოქმედო გეგმაში გაწერილმა პროგრამებმა მოიცვას სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ფინანსური მხარდაჭერის, პროფესიული მომზადებისა და დასაქმების, ცხოვრებისეული უნარების განვითარების კომპონენტები
  • სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გაწერილ პროგრამებში განისაზღვროს სახელმწიფოს ზრუნვიდან გამოსულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მხარდამჭერი სერვისების შეთავაზება ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე
  • საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სამინისტროებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად მოახდინოს სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმის/ფორმატის ჩამოყალიბება
  • საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ იმ პირთა თავშესაფრით და ადეკვატური სოციალურ დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა, რომლებსაც მოცემული მომენტისთვის ამის კრიტიკული საჭიროება გააჩნიათ


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)