წინადადება საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების განათლების უფლების რეალიზების თაობაზე
2018 წლის 3 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების განათლების უფლების რეალიზების შესახებ წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
სახალხო დამცველმა მოუწოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულ და მის მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა სტატისტიკის წარმოება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შეიმუშავოს სკოლის მიტოვების პრევენციის სტრატეგია და განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენის მექანიზმი, აღმოფხვრას შშმ ბავშვთა სასკოლო განათლების მიღმა დარჩენის რისკების გამომწვევი ფაქტორები და დახვეწოს რეფერალური მექანიზმი. ამასთან, აუცილებელია სამინისტრომ უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურების, დირექციის და პერსონალის ინფორმირება შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით და განახორციელოს ამ პროცესის მონიტორინგი.
საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას. აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა, მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, შშმ ბავშვების შესახებ დიფერენცირებული სტატისტიკური მონაცემების არქონა, სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი და გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი შშმ ბავშვების მოძიების, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების ეფექტური მექანიზმის და მიტოვების პრევენციის სტრატეგიის არარსებობა, უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია, ტრანზიციის პროცესის არაეფექტურად წარმართვა, სკოლის ადმინისტრაციისა და პერსონალის ინფორმირების დაბალი დონე, არაადაპტირებული საგანმანთლებლო სივრცე, გეოგრაფიულ მისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები.
საგანმანათლებლო სისტემის გარეთ დარჩენილი/გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განსხვავებული საჭიროებებისადმი არათანმიმდევრული მიდგომა, ასევე ინკლუზიური განათლების მომწესრიგებელი არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, ხელს უშლის ამ ბავშვთა ინტერესების დაკმაყოფილებას და მათი უფლებების სათანადოდ დაცვას.