სიახლეები

ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ

2015 წლის 18–19 ნოემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და მონიტორინგის ანგარიში“, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი ენნ ჰეისი უძღვებოდა.

ტრენინგი დაიგეგმა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს, კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის. ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს თანამშრომლები.

ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელმა ნერმინ ნიშიჩმა და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ. მათ ისაუბრეს კონვენციის პოპულარიზაციისა და მისი მონoტორინგის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ტრენინგი ხელს შეუწყობს აღნიშნულ პროცესს. ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ურთიერთთანამშრომლობის დადებით ასპექტს.

ღონისძიების ძირითადი შინაარსი დაეთმო კონვენციის მიმოხილვას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობასთან დაკავშირებით, მონიტორინგის ანგარიშის მომზადების პროცესს და სახელმძღვანელო პრინციპებს. ტრენინგის მონაწილეებმა ექსპერტის ჩართულობით კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის გეგმის პროექტი შეიმუშავეს.

20.11.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)