სიახლეები

ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გაშუქებაზე

2015 წლის 12–14 თებერვალს, კაჭრეთში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და რუმინეთის მთავრობის დაფინანსებით ჩაატარა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ამ თემის სწორად გაშუქება.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ საკითხების გაშუქებისას ეთიკური სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.

ტრენინგის მიმდინარეობის დროს განხილვის მთავარი თემები იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, სტერეოტიპები, დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების მედიაში გაშუქების თავისებურებები.

ტრენინგში მონაწილეობდა 24 ჟურნალისტი, მათ შორის ცენტრალური ტელე–რადიო მაუწყებლების, ბეჭდური და ინტერნეტ მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ტრენერები მარიამ მიქიაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“–ს დამფუძნებელი) და გიორგი დემეტრაშვილი (ფონდი „პირველი ნაბიჯი საქართველო“, ფსიქოლოგი).

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, და საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების პოპულარიზაციისა და ადამიანის უფლებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)