სიახლეები

სპეციალური ანგარიში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

2015 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა პრეზენტაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით“.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ყურადღება გაამახვილა 2014 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დაფიქსირებულ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც ხელს უშლის შშმ პირების უფლებების სრულფასოვან რეალიზებას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2014 წლის განმავლობაში ძირითად გამოწვევებად კვლავ რჩებოდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დებულებების სათანადოდ იმპლემენტაციის, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხები. პრობლემატურია შშმ პირთათვის მიუწვდომელი ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას და ხშირად ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველი.

სპეციალური ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ირინა ობოლაძემ წარმოადგინა. ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის არსებულ ბარიერებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე. განიხილა არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციები.

პრეზენტაციის შემდგომ სახალხო დამცველის პირველი მოადგილის პაატა ბელთაძის მოდერაციით გამართულ დისკუსიაზე საერთაშორისო ორგანიზაციათა და თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე, შშმ პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა განსაკუთრებით მწვავე საკითხებზე ისაუბრეს. მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა უფლებებზე, ინკლუზიური განათლების სისტემის ხარვეზებზე, სერვისების სიმცირესა და მიუწვდომლობაზე, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებში იჩენს თავს. დიდი ყურადღება დაეთმო საზოგადოებაში არსებული სტიგმის აღმოსაფხვრელად სწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ჩატარების მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიისთვის. კვლავ ვერ ხერხდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში შშმ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება.

დასასრულს სახალხო დამცველმა შეხვედრის შედეგები შეაჯამე და აღნიშნა, რომ წამოჭრილ საკითხებზე, უახლოეს მომავალში, საპარლამენტო ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვისას ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას.

იხილეთ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია

22.06.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)