სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2023 წლის 21 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, რომელშიც საბჭოს ახლად შერჩეულმა წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ხელმძღვანელი რუსუდან ტუშური.

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა ირინე ობოლაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეპარტამენტის მანდატის შესაბამისად განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ისაუბრა საქმისწარმოების ფარგლებში, ცნობიერების ამაღლებისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე.

მონაწილეებმა განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ჰიგიენური საშუალებებისა და სამედიცინო აქსესუარების შეძენის პრობლემა შშმ პირებისათვის, რეაბილიტირებული მეტროსადგურის - „გოცირიძეს“ ხარვეზები, შშმ პირთათვის მართვის მოწმობის აღების პრობლემები, საჯარო სკოლებში აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებულ კლასებთან დაკავშირებული გამოწვევები, 18 წლის შესრულების შემდეგ შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრისას არსებული ხარვეზები, ქვეყანაში ზრდასრულთა სერვისების არარსებობის პრობლემა, უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების ხარვეზები.

სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს 32-ე შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასთვის - მეორე ფაზის“ მხარდაჭერით გაიმართა.

#HumanRights4All

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)