სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი – მეშვიდე სხდომა გაიმართა. შეხვედრა გაფართოებულ სამუშაო ფორმატში ჩატარდა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.

სხდომა საქართველოს სახალხო დამცველმა გახსნა. უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრის მსგავსი ფორმატი მიზნად ისახავს დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებას საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ, ასევე მათი ჩართულობის უზრუნველყოფას მიმდინარე პროცესებში. სხდომაზე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით შესრულებულ/დაგეგმილ ღონისძიებებზე, მოისმინეს საბჭოს მოწვეულ წევრთა მოხსენებები საბჭოს საქმიანობაში მათი მონაწილეობის შესახებ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან და გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. გამოთქვეს მოსაზრებები ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობაზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის მიერ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმის მიმდინარეობის შეფასების მიზნით განხორციელებული კვლევის ძირითად მიგნებებზე.

სხდომა შეაჯამა სახალხო დამცველმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში შშმ პირებისა და ამ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების როლს და მნიშვნელობას. ამავე მიზნით მოუწოდა მათ მონაწილეობა მიიღონ სახალხო დამცველის მიერ გამოცხადებულ საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა შესარჩევ კონკურსში.

6.09.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)