შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა
2016 წლის 24–25 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ვალიკოვი გერმანიის ქალაქ ბერლინში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრასა და სემინარს დაესწრო. შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო ევროპის 14 სახელმწიფოს წარმომადგენელმა. შეხვედრის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის პრაქტიკაში იმპლემენტაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მონაწილე ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კონვენციის მე–13 მუხლის, მართლმსაჯულების მისაწვდომობის, იმპლემენტაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს; ყურადღება გაამახვილეს სამუშაო ჯგუფის 2015–2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სამუშაო ჯგუფის წევრებს კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დანერგილი პრაქტიკა გააცნო და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
სემინარზე განიხილეს კონვენციის მე–13 მუხლის სამართლებრივი ინტერპრეტაციისა და პრაქტიკული იმპლემენტაციის საკითხები, ის ბარიერები, რომლებსაც აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მართლმსაჯულების მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე საშუალებები და შესაძლებლობები ამ ბარიერების დასაძლევად.
სემინარს უძღვებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი პროფესორი ანნა ლოუსონი, ბერლინ–კოპენიკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დოქტორი მარია მამერი–ლატცელი, არასამთავრობო ქოლგა ორგანიზაციის „ადვოკატირება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ დირექტორი სიგრიდ არნადე და დოქტორი ჰანს გუტერ ჰაიდენი.