სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე პანდემიის პირობებში

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. 2003 წლიდან ამ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სახელმწიფოს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და მათი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნისკენ მოუწოდებენ.

წელს, მსოფლიო პანდემიის დროს ამ დღის აღნიშვნამ განსხვავებული შინაარსი შეიძინა.

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამოცხადებას საერთაშორისო დონეზე შშმ პირთა ვირუსისადმი ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფად აღიარება მოჰყვა. გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის შეფასებით, შშმ პირები, მათი უმრავლესობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალადობასა და უგულებელყოფის მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და კოვიდ 19-ის კრიზისიც ყველაზე მძაფრად სწორედ მათზე აისახება.[1]

საქართველოში ახალი კორონა ვირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვების ფონზე, შშმ პირებს დამატებით პრობლემებს უქმნის ქვეყანაში ფიზიკური გარემოს, სერვისებისა და ინფორმაციის მისაწვდომობის კუთხით არსებული ხარვეზები, მძიმე სოციალური ფონი, შეჩერებული მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამები, ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის კუთხით არსებული ბარიერები. კარანტინის და იზოლაციის რეჟიმი უარყოფითად აისახება სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებზე.

საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს შშმ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობას პანდემიის პირობებში და მიიჩნევს, რომ არასაკმარისია კრიზისის დროს შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით მიღებული ზომები. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დახმარების მიღმა დარჩენილ შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობაზე. პრობლემურია ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე შშმ პირთათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხიც.

გამოწვევად გამოიკვეთა ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში შშმ და სსსმ მოსწავლეების ჯეროვანი ჩართვა. გარდა მძიმე სოციალური ფონისა და საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემებისა, შშმ მოსწავლეთა შემთხვევაში გამოწვევას წარმოადგენს დისტანციური საგანმანათლებლო პროცესის მისაწვდომი ფორმატებით წარმართვა და ამ მიზნით შესაბამისი ადამიანური რესურსების დროული და ეფექტური მობილიზება. პრობლემები განათლების მისაწვდომობის კუთხით განსაკურებით მწვავედ დგას ქცევის სირთულისა და სენსორული შეზღუდვის მქონე ბავშვების შემთხვევაში.

გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში მოდიფიცირებული სარეაბილიტაციო სერვისების დისტანციურად მიწოდება ზოგიერთ შემთხვევაში არაეფექტურია და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა ინტერესების დაცვას. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილი თვეების განმავლობაში აუცილებელი მომსახურების მიღმაა დარჩენილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს პანდემიის პირობებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით:

  • შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდეს პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების კომპლექსური ხედვა და სტრატეგიული დოკუმენტი
  • მუდმივ რეჟიმში გაგრძელდეს შშმ პირების ინფორმირება მათთვის მისაწვდომი ფორმით
  • მუნიციპალურ დონეზე არსებულ პროგრამებში და აქტივობებში მოხდეს შშმ პირთა მიზნობრივ ჯგუფად გათვალისწინება
  • უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა მიზნობრივი რეაბილიტაციის სერვისების იმგვარი ადაპტირება, რაც უზრუნველყოფს როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის უწყვეტობას ბენეფიციარისთვის მისაღები და აუცილებელი ფორმით (დისტანციურად ან პირისპირ), ისე ვირუსის ეფექტურ პრევენციას
  • უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა 24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში დაცული პრევენციული ღონისძიებების მუდმივი და ეფექტური კონტროლი
  • ეფექტური ზედამხედველობა გაეწიოს კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლების შესრულების პროცესს როგორც სტაციონარულ, ისე სტაციონარს გარე მომსახურებებში
  • მიიღოს აუცილებელი ზომები შშმ და სსსმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვის მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებისა და ტელესკოლის გაკვეთილების იმ ყრუ და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც არ იციან ჟესტური ენა

[1] https://www.un.org/en/coronavirus/we-have-unique-opportunity-design-and-implement-more-inclusive-and-accessible-societies

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)