სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

2019 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისა და საქართველოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობით ჩატარდა. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საფუძველია; აღნიშნა, რომ საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის მიუხედავად შშმ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. აღნიშნულის მთავარ გამომწვევ მიზეზს კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმის არარსებობა წარმოადგენს. სისტემური ცვლილები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებთან ჰარმონიზებისთვის. გამოწვევად რჩება ინკლუზიური განათლების მიღება. უაღრესად დაბალია შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, მწვავედ დგას ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის პრობლემა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანთა ინსტიტუციებში ღირსების შემლახავ გარემოში ცხოვრების მავნე პრაქტიკა, შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და არაეფექტურობა. შეფერხებულია შშმ პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი.

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას, უმოკლეს დროში იქნას მიღებული საჭირო გადაწყვეტილებები, რათა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე გამოიყოს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა, რომელიც, ამავდროულად უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური მანდატით, ადამიანური და სხვა რესურსებით, კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად.

კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე თემატური სესია გაიმართა. სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე გაუძღვა პანელს, სადაც განიხილეს კონვენციით გათვალისწინებული კოორდინაციის მექანიზმის, შშმ პირთა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის, ინკლუზიური განათლების საკითხები; ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების მნიშვნელობა და სტატუსი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში ამ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)