სიახლეები

შეხვედრა აუტიზმის მქონე პირთა მშობლებთან და მშობელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

2024 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე აუტიზმის მქონე პირთა მშობლებს და მშობელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აუტიზმის მქონე პირთა მშობლებმა ზრდასრულთა რეაბილიტაციის აუცილებლობაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რასაც სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის გამო აწყდებიან. ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს ვალდებულებას აუტიზმის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების მიმართულებით.

სახალხო დამცველმა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისა და საზოგადოებაში მათი თანაბარი მონაწილეობისთვის რეაბილიტაციის მომსახურებების უწყვეტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ზრდასრულთა რეაბილიტაციის დანერგვის მიმართულებით აპარატის საქმიანობა განიხილა.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში განაგრძობს მუშაობას და მიიჩნევს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა, კოორდინირებული მუშაობით, შშმ პირთა, შშმ პირთა წარმომადგენლობითი და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და სფეროს ექსპერტების ჩართულობით, გამოიკვლიოს კონკრეტულად აუტიზმის მქონე ზრდასრულ პირთა ინდივიდუალური საჭიროებები, მათი სპეციფიკა და უზრუნველყოს მათზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისის ამოქმედება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრის თვეში სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტს დაიწყოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს არსებული გამოწვევები და შემუშავდეს რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)