სახალხო დამცველმა შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
2018 წლის 30 იანვარს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-13 შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილეები, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები, რომელთა შემადგენლობა რამდენიმე თვის წინ განახლდა.
შეხვედრის გახსნისას სახალხო დამცველმა საბჭოს ახალ წევრებს განუმარტა სათათბირო ორგანოს მანდატი და როლი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის განხორციელებაში. ნინო ლომჯარია ასევე მოკლედ შეეხო საბჭოს წინა შემადგენლობის მიერ გაწეულ ნაყოფიერ საქმიანობას და ახალ წევრებს კონვენციის პოპულარიზაციისა და მონიტორინგის ღონისძიებების სრულყოფის და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ინიციატივების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა დეპარტამენტის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან და გაეროს კონვენციის მონიტორინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. საბჭოს მორიგი სხდომა 2 თვის ვადაში გაიმართება.