სახალხო დამცველმა საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები შეარჩია
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს 2006 წლის კონვენციის 33–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმს. აღნიშნული მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში 2015 წელს შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო, რომლის საქმიანობის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ აღნიშნული კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით.
საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტებულია სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საბჭოს მოწვეული წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით გამოცხადდა კონკურსი.
საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები შეარჩია:
კობა ნადირაძე – შშმ პირთა უფლებების დამოუკიდებელი აქტივისტი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკაზე მუშაობს 1992 წლიდან. არის სხვადასხვა პროექტის ავტორი და განმახორციელებელი.
მარინე კორკოტაძე – შშმ ბავშვთა მშობელთა ორგანიზაციის წარმომადგენელი. ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
მარინა კობახიძე – სამართლის მაგისტრი, შშმ პირთა თემის წარმომადგენელი.
ესმა გუმბერიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, შშმ პირთა თემის წარმომადგენელი.
საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე დამატებით გამოცხადდა კონკურსი.