სახალხო დამცველის წინადადება მთავრობას შშმ პირთა რეაბილიტაციის მომსახურებით უზრუნველყოფის თაობაზე
2017 წლის 18 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე.
სახალხო დამცველმა შეისწავლა საქართველოში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აბილიტაციისა და რეაბილიტაციის უფლების რეალიზების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრების სერვისები მიუწვდომელია აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის. სახელმწიფოს მოქმედი სოციალური პროგრამების ცალკეული კომპონენტები ფრაგმენტულად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნებს, თუმცა, მის ფარგლებში არ ხდება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის ადეკვატური სპეციალიზებული სერვისის მიწოდება, ასეთი მომსახურების თვითდაფინანსების შესაძლებლობა კი შშმ პირთა უმრავლესობას არ გააჩნია. სარეაბილიტაციო ღონისძიებების ნაკლებობა იწვევს შშმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მათი უფლებების დარღვევას. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო და სხვა შესაბამისი სპეციალობის პერსონალის სიმცირე, რაც ართულებს ხარისხიანი მომსახურების მიღებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია არის უმთავრესი პირობა, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის შესაბამისად საქართველომ იკისრა ვალდებულება შექმნას, გააძლიეროს და განავრცოს სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო მომსახურებები და პროგრამები ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში, იმგვარად, რომ აღნიშნული მომსახურება განხორციელებულ იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე, მისაწვდომი იყოს საცხოვრებელი თემის მაქსიმალურ სიახლოვეში და ხელს უწყობდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას.
სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას:
- უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება
- ზემოხსენებულმა ქვეპროგრამამ ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესთავაზოს ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციას
- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრულ პირებს, მათი საჭიროების გათვალისწინებით
- ხელი შეეწყოს სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნასა და გაძლიერებას გეოგრაფიული განაწილების პრინციპის დაცვით
- უზრუნველყოს სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში საჭიროებების კვლევისა და სპეციალისტების მომზადების დაფინანსება და ორგანიზება.