სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ემსახურება. მიმდინარე წელს ამ დღის აღნიშნვის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე. მისი მიზანია მოცემული საკითხის გააქტიურება დასაქმებულთა ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „მუშაკთა ჯანმრთელობის დაცვის გლობალური სამოქმედო გეგმა“ (2008 – 2017) და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმა მოიცავს შესაბამის დებულებებს, მიზნებსა და ამოცანებს სამუშაო ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ყურადღება გამახვილებულია პრობლემების მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე, სხვადასხვა სოციალურ ასპექტზე, მათ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე.
საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება. სახალხო დამცველის მიერ, საქართველოს მთავრობის „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სათანადოდ არ სრულდება აქტივობები, რომლებიც მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებას სამუშაო ადგილებზე, ბაღებში, საჯარო სკოლებში. ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, დამოკიდებულების შეცვლას და სტიგმის შემცირებას. სტრატეგიული დოკუმენტის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი მისი ეფექტური იმპლემენტაციისთვის. შესაბამისად გამოწვევად რჩება დარგში არსებული რიგი საკითხები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების დროული შესრულება, რაც ხელს შეუწყობს სფეროში გამოკვეთილი ძირეული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის დასაქმების ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მინიმუმადე დაყვანას.