სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ დღის დაწესება უმთავრესად საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება და რეზოლუციით მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის ოჯახის დონეზე.[1]

2016 წელს ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს სლოგანით: „ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა”, რაც დღევანდელი ბავშვისა და მომავალი ზრდასრულისთვის ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ მიმართვაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგის ფარგლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მნიშვნელოვან როლზე, რამაც საზოგადოებას უნდა უბიძგოს პროგრესისკენ.

მისასალმებელია, რომ საქართველოში ყოველწლიურად უფრო ძლიერად გვესმის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების ხმა. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კამპანიების მასშტაბების ზრდა, თუმცა რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს უწევთ ცხოვრება, სამწუხაროდ, უკეთესობისკენ არ იცვლება. სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირების მხრიდან, ნაკლები მიმღებლობა, დისკრიმინაცია და გარიყვა, სტიგმისშემცველი გარემო ერთიანობაში ქმნის საზოგადოებას, სადაც ინკლუზიის შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად ექმნებათ ბარიერები საკუთარი უფლებების რეალიზების პროცესში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიღების დროს, როგორიცაა: ადრეული სამედიცინო კვლევა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი ჩარევა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება სწავლების ყველა საფეხურზე, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრება.

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს როლი და ეფექტური ნაბიჯები აღნიშნული პრობლემების დაძლევისთვის. ერთის მხრივ – დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება, ხოლო მეორეს მხრივ – ეფექტური კამპანიების, პროგრამების, ადეკვატური სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და უფლებადარღვევის ფაქტების პრევენციული ღონისძიებების დანერგვა უზრუნველყოფს თანაბარი და ინკლუზიური გარემოს შექმნას. მხოლოდ ასეთ გარემოშია შესაძლებელი დაუნის სინდრომის მქონე დღევანდელი ბავშვის და მომავალი ზრდასრულის ღირსეულად და დამოუკიდებლად ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვების თანასწორად ჩართვა.

აუცილებელია საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური გარემოს მშენებლობის, მათი ღირსებისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით. პასუხისმგებლობის ხარისხი განსაკუთრებით მაღალია ხელისუფლების ორგანოების თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისთვის.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, უმთავრესად სახელმწიფოს, საკუთარი ქმედებებით თუ უმოქმედობით არ შეუწყოს ხელი არსებული სტერეოტიპებისა და მანკიერი დამოკიდებულების გაძლიერებას და სრული ძალისხმევა მიმართოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინკლუზიის უზრუნველსაყოფად.



[1] გენერალური ასამბლეის 2011 წლის 19 დეკემბრის რეზოლუცია 66/149 დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის შესახებ

18.03.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)