სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი თვითმმართველი ქალაქების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის
2016 წლის 14–18 ნოემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თვითმმართველი ქალაქების მერიისა და საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხებზე მომუშავე 17 წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება ბიუჯეტირების პროცესში“.
სატრენინგო პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და საჭიროებებზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მისაწვდომობას გაეროს კონვენციის მიხედვით და ეროვნულ საკანონმდებლო რეგულაციებს, უნივერსალურ დიზაინს და პრობლემების აღმოფხვრის გზების საერთაშორისო პრაქტიკას, სახალხო დამცველის მანდატს და სახალხო დამცველს, როგორც გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის დამოუკიდებელ ორგანოს.
ტრენინგს გაუძღვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძე და საერთაშორისო ექსპერტი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი და უნივერსალური დიზაინის და მისაწვდომობის ნორვეგიაში დანერგვის პროექტის ხელმძღვანელი მაიკენ ჯულ სორენსენი. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგი განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიმდინარეობისას წლის ბოლომდე კიდევ 1 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისკენ არის მიმართული.