სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პრეზენტაცია

2015 წლის 19 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა აკადემია გახსნა. კანონმდებლობის თანახმად, ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ცნობადობის ამაღლება სახალხო დამცველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციასწარმოადგენს. ახლადდაფუძნებული ადამიანის უფლებათა აკადემია სახალხო დამცველის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნისა კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებას. აკადემიის ფარგლებში საჯარო უწყებების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, ჟურნალისტებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თანამშრომლებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სპეციალურად მათთვის შემუშავებული ერთკვირიანი კურსები ადამიანის უფლებების შესახებ. ტრენინგებს აღიარებული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები გაუძღვებიან.

სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში პირველი ტრენინგი მასწავლებლებისთვის, გუდაურში იმართება. ტრენინგის თემაა ადამიანის უფლებების სწავლება და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი სკოლებში.

მასწავლებლები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვებისთვის ადამიანის უფლებების სწავლებისამოცანები,გამოწვევები, ხერხები და მეთოდოლოგია; განათლების უფლება, ინდოქტრინაცია და რელიგიური სიმბოლოების გამოყენება სკოლაში; დისკრიმინაციის აკრძალვა სხვადასხვა საფუძვლებით, მასწავლებლები ასევე განიხილავენ პრაქტიკული სავარჯიშოებს და წინასწარ დარიგებულ თემებზე გააკეთებენ პრეზენტაციებს. ტრენინგი ასევე შეეხება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს შრომით ურთიერთობებში, სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მიმართვის წესს და ა.შ.

ღონისძიებას თბილისსა და რეგიონებიდან(თელავი, გურჯაანი, მარნეული, ახალციხე, ზესტაფონი, ქუთაისი, ქობულეთი, ფოთი, ბათუმი, ონი, თერჯოლა, ნიგვზიანი, წინწყარო, ჭელა, ამბროლაური, ვარძია, მოხე, სამთაწყარო) 25 მასწავლებელი ესწრება.

ტრენინგს უძღვებიან სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა გიოშვილი და ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული უფროსი ტრენერი, უნივერსიტეტის ლექტორი, ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი ივანა როაგნა.

წლის ბოლომდე ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი 4 ტრენინგს გამართავს. მომდევნო წლიდან კი ინტენსიური ტრენინგების ჩატარებაა დაგეგმილი.

19.10.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)