სიახლეები

სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს

2016 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობის შესახებ საქმის განმხილველ სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა საქართველოს სახალხო დამცველს ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ და მოქალაქე კ.ნ.-მ. სთხოვეს.

განმცხადებელები მიუთითებდნენ, რომ თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობაში დისკრიმინაციული ხელშეშლა არაპროპორციულად ზღუდავს იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების უფლებას, რომელთაც საკუთრებაში არ ჰყვათ საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მუნიციპალიტეტების საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, დგომის/გაჩერების წესების რეგულირება, პარკირების ნებართვისა და საშვების გაცემა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არსებული რეგულაციით, შშმ პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შშმ პირებს, რომელთა მიმართაც გაიცა სპეციალური საცნობი ნიშანი და ის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა. ამასთან, საცნობი ნიშანი შესაძლებელია გაიცეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორიებზე (ადაპტირებული M2 ან/დაM3 კატეგორიები).

თბილისის ანალოგიური რეგულაციები არის დაწესებული სხვა მუნიციპალიტეტებში: რუსთავი, ბათუმი, ფოთი, გორი, ზუგდიდი, თელავი და სხვა.

ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება შშმ პირთა საჭიროებებს, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებასა და თავისუფალ განვითარებას, სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შშმ პირთა მიზნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ნორმატიული ბაზის შექმნაში.

სახალხო დამცველმა შეისწავლა და სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ასახა ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში მოქმედი რეგულაციები და დამკვიდრებული პრაქტიკა, მათ შორის: ავსტრალია, ბელგია, დანია, ესტონეთი, ირლანდია, საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ჰოლანდია და სხვა.

სამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)