საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. 2017 წელს ამ დღის თემაა „ავტონომია და უფლებაუნარიანობა“. გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ მიმართვაში ნათქვამია, რომ საზოგადოების ყველა წევრმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი აუტიზმის მქონე პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლისკენ, რათა მათ, თანდაყოლილი პიროვნული ღირსებისა და ინდივიდუალური ავტონომიის ფარგლებში შეძლონ ადამიანის უფლებებით სარგებლობა. ამ პირების მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია სათანადო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას მისცემთ აქტიურად იქნან ჩართული საზოგადოების განვითარების პროცესში.
საქართველოში, ბოლო ერთი წლის მანძილზე აუტისტური სპექტრის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილებები არ განხორციელებულა. განსაკუთრებით მწვავეა ბავშვთა პრობლემები. გამოწვევაა მათზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვისა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების, ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის საჭირო პროგრამებისა და მომსახურების შექმნას, ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჯეროვან ჩართვას.
მძიმეა რეგიონებში მცხოვრები ბავშვების და მათი ოჯახების მდგომარეობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მცირე გამონაკლისის გარდა, არა აქვთ გაზიარებული ამ პირთა მიმართ პასუხისმგებლობა და საკუთარი ვალდებულებები. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, შვილისთვის აუცილებელი მომსახურების მიღების მიზნით, საცხოვრებლად გადავიდა დედაქალაში. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ვერ ხერხდება მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ვერ ფარავს შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირს, არსებობს მომლოდინეთა რიგები.
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სახალხო დამცველის მიერ სხვადასხვა დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების, მათ შორის ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოების, საჭიროებების კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავების აუცილებლობა.
საქართველოს სახალხო დამცველი, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის აუცილებელი პროგრამების შექმნა, სერვისების განვითარება და გამართული ფუნქციონირება. პოზიტიური ღონისძიებების გატარებით აქტიურად დაუჭიროს მხარი მათი უფლებების დაცვას.