სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2024 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს N35 სხდომა გაიმართა.
სხდომის გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ დამსწრეთ სხდომის დღის წესრიგი გააცნო და საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა ირინე ობოლაძემ ისაუბრა.
შეხვედრაზე განიხილეს შემოსავლების სამსახურის პლატფორმების მისაწვდომობის საკითხები, კონვენციის განხორციელების პროცესში შშმ პირთა წარმომადგენელი პირების (არასამთავრობო ორგანიზაციების) იდენტიფიკაციის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციების ორგანიზების შესაძლებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დებულების შეფასების შესაძლებლობა და მნიშვნელობა. შეაფასეს საჯარო უწყებებში მონაცემების შეგროვება-დამუშავების მდგომარეობა.
ასევე, გაეცნენ შშმ პირთა ნაწილის პოზიციას გაეროს შშმ პირთა კომიტეტში კანდიდატის წარდგენის პროცესის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით, განიხილეს „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „მისაწვდომის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების შემდგომ არსებული და ახლადაშენებული შენობა-ნაგებობის მდგომარეობა.
შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველის წარმომადგენლების, საკონსულტაციო საბჭოს წევრების, საკითხზე მომუშავე ექსპერტებისა და შშმ თემის წარმომადგენლების ჩართულობით დისკუსია გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა საკითხებზეც ისაუბრეს.
სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა.