სახალხო დამცველმა შშმ პირთათვის გარემოს მისაწვდომობის შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა
2018 წლის 3 დეკემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს მისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეფასების ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას სახელმწიფო უწყებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა 2017-2018 წლებში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებისა, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შშმ პირთათვის გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფა რჩება. საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება გაეროს კონვენციის მოთხოვნებს; ქვეყანას არ გააჩნია ამ მიმართულებით ერთიანი ხედვა და დოკუმენტი; რეგულაციები ფრაგმენტულად არის მოცემული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთათვის უსაფრთხო, დაუბრკოლებელი და მისაწვდომი გარემოს შექმნას ნებისმიერ შენობასა და საზოგადოებრივ სივრცეში.
„მისაწვდომობის უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა სხვა უფლებასთან და შეუძლებელია ვისაუბროთ ხარისხიან განათლებაზე, დასაქმებაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე, თუ გარემო არ არის მისაწვდომი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2014 წელს მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი“ ეყრდნობა მოძველებულ სტანდარტებს, არ ითვალისწინებს სხვადასხვა სახის შეზღუდვის მქონე პირთა ინტერესებს და აღსრულების ეფექტიან მექანიზმს.
თანამედროვე ამერიკული სტანდარტი - „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტები“ (ICC A.117), რომელზეც მთავრობა 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებაში მიუთითებს, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის, დაბალია მის შესახებ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების რელევანტურ უწყებათა და მოქალაქეების ინფორმირებულობის დონე, ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა აღიარებულ ამერიკულ სტანდარტს ერთადერთ სავალდებულოდ გამოსაყენებელ რეგულაციად არ განიხილავს.
საქართველოს მუნიციპალიტეტებში უმეტესად არ არის დანერგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტები და არ ხორციელდება სათანადო ზედამხედველობა მათ აღსრულებაზე.
ხელისუფლების მიერ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება ხდება სფეროს ექსპერტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რეალური ჩართულობის გარეშე.
გამოწვევად რჩება შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების/ზედამხედველობის მექანიზმის არაეფექტურობა და შესაბამისი სამსახურების, მათ შორის მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკაც.
სახალხო დამცველმა იდენტიფიცირებული პრობლემების დროულად და ეფექტიანად მოგვარების მიზნით, პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს მიმართა კონკრეტული რეკომენდაციებით.
ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიში 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში წარადგინა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია შშმ პირთა უფლებების წახალისება ყველა სფეროში, ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევა მათ პრობლემებსა და გამოწვევებზე.