სიახლეები

სახალხო დამცველმა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა

2024 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო დაწესებულებაში განთავსებულ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა ფსიქიატრიული დაწესებულების გარე და შიდა ინფრასტრუქტურა, ეზო, სანიტარული კვანძები, ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე; ასევე გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და თანამშრომლებს.

სტაციონარში ამ ეტაპზე 22 პაციენტია განთავსებული. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროებაზე, ფსიქიატრიის სფეროში პერსონალის ზრდის აუცილებლობაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, სათანადო კვების უზრუნველყოფაზე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე, ასევე, კონფიდენციალობისა და პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის მნიშვნელობაზე.

სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)