სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილემ შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის საკითხებზე საერთაშორისო ვებინარში მიიღო მონაწილეობა

2021 წლის 4 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინსტიტუციონალიზაციის საკითხებზე საერთაშორისო ვებინარს დაესწრო და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მანდატისა და როლის შესახებ მოხსენებით წარსდგა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელისა (ENNHRI) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ. ღონისძიება მიზნად ისახავდა სიმართლეზე უფლების კონცეფციის გამოყენებას შშმ პირთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის ადვოკატირების პროცესში და ამ საკითხზე დისკუსიის წარმართვას. ასევე, ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში შექმნილი გამოწვევების განხილვას.

„ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს აქვთ უნიკალური მანდატი, შეისწავლონ სიტუაცია დახურულ დაწესებულებებში სახელმწიფო ხელისუფლების ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე, რაც ხელს უწყობს სიმართლის დადგენას იქ არსებული მდგომარეობის შესახებ და აგრეთვე საზოგადოების, შშმ პირებისა და მათი ოჯახების ინფორმირებას,“ - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებსა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლზე საუბრისას. ეკატერინე სხილაძემ ასევე, ხაზი გაუსვა დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას - „დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი არ არის მარტივი, თუმცა დღეს, როდესაც გვაქვს საერთაშორისო გამოცდილების როგორც კარგი, ისე ცუდი მაგალითები, ჩვენ, ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტებმა ადვოკატირება უნდა გავუწიოთ სახელმწიფოს ნების ფორმირებას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და ყველა პირს მიეცეს შესაძლებლობა იცხოვროს იქ სადაც უნდა და ვისთან ერთადაც უნდა.“

ვებინარზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მრჩეველი ადამიანის უფლებათა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ფაკუნდო ჩავესი, Disability Rights International-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ერიკ როზენტალი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი სიმართლის პოპულარიზაციის და სამართლიანობის საკითხებში ფაბიან სალვიოლი, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი კრიტი შარმა და სხვა მოწვეული სტუმრები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)