სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილე CRPD-ის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მე-16 სესიაში მონაწილეობს

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ ნიუ-იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) წევრ სახელმწიფოთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია ჯულაყიძემ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის განხორციელების მდგომარეობაზე და პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, პრაქტიკაში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება.

საკითხისადმი სახალხო დამცველის პოზიციის წარმოდგენისას სახალხო დამცველის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ არ შემუშავებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კანონით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ზოგადი ეროვნული სტრატეგია სრულად არ მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ყველა ასპექტს. ასევე, ისაუბრა შშმ პირთა ჩართულობით დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების საჭიროებაზე.

„პრაქტიკაში არსებულ პრობლემებში, მათ შორის, იგულისხმება ფიზიკური გარემოსა და ინფორმაციის მისაწვდომობის, სამედიცინო, განსაკუთრებით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის, ინკლუზიური განათლების, დასაქმების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის პროცესში არსებული გამოწვევები, ასევე, შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების ბიოფსიქოსოციალური მოდელის დროულად დანერგვის აუცილებლობა, შშმ პირთა უფლებების შესახებ დაბალი ინფორმირებულობა, არსებული ძლიერი სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მიმართ; ასევე მხარდაჭერისა და ინდივიდუალიზებული სერვისების ნაკლებობა და სხვა,“ - განაცხადა ნათია ჯულაყიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას.

შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის წევრი სახელმწიფოების კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებს აერთიანებს და პერიოდულად იკრიბება კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. წლევანდელი შეხვედრა კონვენციის პრინციპების შიდა კანონმდებლობაში ჰარმონიზებას ეხებოდა და წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტების მხრიდან პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ფოკუსირდებოდა.

სახალხო დამცველის აპარატი A-სტატუსის მქონე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოში. სახალხო დამცველი წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ხელშეწყობის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის დამოუკიდებელ მექანიზმს, რომელიც აქტიური მონიტორინგის შედეგად თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას და გასცემს უამრავ რეკომენდაციას კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით. აპარატი სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმებით, ანგარიშგებით, ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში აქტიური ჩართულობით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის წევრი სახელმწიფოების კონფერენციების საშუალებით, მუდმივად აწვდის ინფორმაციას კონვენციის განხორციელების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმს - გაეროს კომიტეტს, საქართველოში კონვენციის განხორციელების მიმართულებით არსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სისტემური გამოწვევების შესახებ, რომელთა გამოსწორებაც სახელმწიფოს პრიორიტეტად უნდა იქცეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)