სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის განსაზღვრაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სოციალური პაკეტის მიღება აღარ შეეზღუდებათ. [1]
სახალხო დამცველმა ამ შეზღუდვაში დისკრიმინაცია ჯერ კიდევ 2017 წელს დაადგინა[2] და რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, კანონით დადგენილი სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც გაევრცელებინა.
ვინაიდან, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაცია არ გაიზიარა, სახალხო დამცველმა 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს[3] და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა - საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან (თანასწორობის უფლებასთან) მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო და სხდომები მიმდინარე წლის 9-10 ივნისს ჩაინიშნა. თუმცა, სხდომები გადაიდო მოპასუხის - საქართველოს მთავრობის თხოვნით. რამდენიმე დღეში, კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა და ცვლილებები შეიტანა დადგენილებაში.
სახალხო დამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული განხილვების შედეგად შესაძლებელი გახდა შშმ პირთა პირდაპირ დისკრიმინაციის აღმოფხვრა დასაქმების სფეროში.
[1] საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირებს ქონდათ.
[2] საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ (5.07.2017) https://bit.ly/3zF4Jjb
[3] ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3OByxRP>