საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ დღის დაწესება საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.
2019 წელს ამ დღის თემაა: „დამხმარე ტექნოლოგიები, აქტიური მონაწილეობა“. გაეროს გენერალური მდივნის მისალმებაში ნათქვამია, რომ დამხმარე ტექნოლოგიებზე აუტიზმის მქონე პირთა მისაწვდომობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა მათ მიერ ადამიანის უფლებების სათანადოდ განხორციელებისა და საზოგადოების ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობისთვის. დამხმარე საშუალებების გამოყენება ამცირებს და აღმოფხვრის ამ კუთხით არსებულ ბარიერებს.
საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით კვლავ მრავალი გამოწვევა რჩება. პრობლემურია მათი საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია/რეაბილიტაციის მომსახურებებით უწყვეტად უზრუნველყოფა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინებით. ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო თუ მუნიციპალური პროგრამები არ ითვალისწინებს სარეაბილიტაციო სერვისს 15 წლის ზემოთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის. ამასთან, ბავშვებისთვის ასეთი პროგრამები მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოქმედებს და სრულად ვერ ფარავს არსებულ საჭიროებას.
კვლავ გამოწვევად რჩება ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში აუტიზმის მქონე ადამიანების სათანადო ჩართვა და ამ პროცესში საჭირო სპეციალისტების მონაწილეობა. საკმარისი ღონისძიებები არ ტარდება აუტიზმის მქონე პირთა ოჯახების მხარდასაჭერად. ხშირად ისინი სირთულეების პირისპირ მარტო რჩებიან და დამოუკიდებლად უწევთ ყოველდღიურ ბარიერებთან გამკლავება. პრობლემად რჩება საზოგადოებაში არსებული სტიგმა და არასწორი დამოკიდებულება.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას ქმედითი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის მქონე პირების ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სერვისების შექმნა და გამართული ფუნქციონირება. პოზიტიური ღონისძიებების გატარებით ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების თანაბარ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში.