საჯარო შეხვედრა თემაზე - „განათლების მისაწვდომობა უსინათლო პირთათვის“
2019 წლის 15 ოქტომბერს, თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უსინათლო პირთათვის განათლების მისაწვდომობის საკითხებზე საჯარო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას მოდერაცია სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გაუწია.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ მიქიაშვილი და სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები დავით ბიბილეიშვილი და ესმა გუმბერიძე.
უსინათლო და მცირემხედველ პირთა პრობლემებზე საუბრისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საქართველოში მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და ადამიანის უფლებებით თანაბარი სარგებლობის კუთხით ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა, და ეს გამოწვევები წლების მანძილზე უცვლელია - სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი ხელჯოხიც კი არ არის მორგებული ინდივიდუალურ მახსიათებლებზე და ხშირ შემთხვევაში უსინათლოები მას ვერ იყენებენ. ამასთან, ისინი არც სხვა დამხმარე საშუალებებით (ხმოვანი საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნივთებით, თვალის პროტეზით) არიან უზრუნველყოფილი.
„ქვეყანაში არ გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო და მცირემხედველი პირები შეძლებენ სივრცეში ორიენტაციისა და მობილობის, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობის, ბრაილის შრიფტის და სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლა/განვითარებას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გზებზე, გადასასვლელებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიუწვდომელია ფიზიკური გარემო. მისაწვდომობის სტანდარტს ასევე ვერ აკმაყოფილებს სატელევიზიო, ელექტრონული და ბეჭდური მედია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა განსაკუთრებლად გაუსვა ხაზი იმ პრობლემას, რომ უსინათლო და მცირედმხედველ პირებს არა აქვთ სახელმწიფო თუ კერძო უწყებებისთვის, მათ შორის საბანკო მომსახურების დროს, ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა. დაწესებულებებს უსინათლო პირებისთვის არ აქვს ინფორმაცია მისაწვდომი ფორმატით, რის გამოც უარს ეუბნებიან დამოუკიდებლად მომსახურების გაწევაზე.
ვერ ხდება უსინათლო პირთა განათლების უფლების სათანადო რეალიზება; დაბალია სწავლების ხარისხი, სასწავლო დაწესებულებებისა და სასწავლო მასალების მისაწვდომობა. საჭიროებებზე ორიენტირებული სწავლების კუთხით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, რის გამოც უსინათლო ბავშვებს თბილისში უწევთ განათლების მისაღებად ჩამოსვლა. პროფესიული განათლების პროგრამებში ჩართვის მიუხედავად, პრობლემურია შემდგომში მათი დასაქმება, ასევე მწირია შესასწავლი პროფესიების არჩევანი. გამოწვევას წარმოადგენს უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელება.
უკიდურესად დაბალია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში შშმ ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2018-2019 სასწავლო წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 161 931 ბავშვი იყო რეგისტრირებული. საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით კი მხოლოდ 805 შშმ აღსაზრდელი ირიცხებოდა. რაც შეხება საჯარო სკოლებს, 2018-2019 სასწავლო წელს რეგისტრირებული იყო 524 000 მოსწავლე და მოსწავლეთა მართვის ელექტრონული ბაზის შესაბამის ველში სკოლების მიერ მხოლოდ 750 შშმ მოსწავლე იყო მონიშნული, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,14%-ია.
პრობლემას წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფა, სპეციალური პედაგოგებისა და ინკლუზიური განათლების სხვა სპეციალისტების (ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტის), ასევე ინდივიდუალური ასისტენტების არასაკმარისი რაოდენობა, მათი კვალიფიკაცია და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, სკოლის პედაგოგთა არასათანადო მზაობა სსსმ (შშმ) მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მრავალმხრივ სირთულეებთან უწევთ გამკლავება მხედველობისა და სმენის ერთდროული შეზღუდვის მქონე პირებს, რომელთაც მუდმივი მხარდაჭერა, სოციალური დაცვისა და ინდივიდუალური ჯანდაცვის ღონისძიებების გატარება ესაჭიროებათ. განხილვის საგანს წარმოადგენს ასევე გვიან მხედველობადაკარგულ ადამიანთა პრობლემები და მათი განათლების ხელმისაწვდომობის ხარვეზები.
სახალხო დამცველმა მოუწოდა სახელისუფლებო სტრუქტურებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები უსინათლო პირთა უფლებების თანაბარი დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად.
სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ განათლების პარალელურად უსინათლოთა დასაქმების პრობლემებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.