სიახლეები

საჯარო შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების თემაზე

2019 წლის 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საჯარო შეხვედრა გამართა თემაზე - „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მხარდამჭერი ღონისძიებების მობილიზება. წელს ამ დღის ფოკუსი სუიციდის პრევენციაა.

საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207 კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ამ ფონზე, სახელმწიფო ფაქტობრივად არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს. დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის დამტკიცებაც და განხორციელებაც ჯერ კიდევ 2016 წლისთვის იყო განსაზღვრული სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი ცნობიერების ნაკლებობასა და საზოგადოებაში არსებულ ტაბუზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური და თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების საჭიროებას და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, არასაკმარისია თემზე დაფუძნებული და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობა; პრობლემურია სერვისის უწყვეტობის საკითხიც და ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. მნიშვნელოვან გამოწვევად გამოკვეთა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენა და სათანადო მართვა; სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში არსებული არასათანადო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები; სომატური ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის პრობლემები. უარყოფითად შეაფასა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის არარსებობა.

„ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე გადასვლას. სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები გვაქვს, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. რთულია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ და სახელმწიფო უწყებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის, მათ შორის სუიციდის პრევენციის მიმართულებით ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ შ.პ.ს. „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ (ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში) კვლავ პრობლემურია მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კლინიკის ბენეფიციარები არ არიან დაცული არასათანადო მოპყრობისგან.

გამოწვევას წარმოადგენს ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, სათანადო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია; ასევე, პაციენტების მხარდამჭერი პირების დანიშვნისა და სოციალური პაკეტის განკარგვის საკითხი.

შპს აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განხორციელებულმა ვიზიტისას გამოიკვეთა, ბენეფიციართა არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პრობლემა, განსაკუთრებით ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის გამოყენებისას; ასევე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლის ხარისხი, რასაც ამწვავებს პერსონალის სიმცირე და დაბალი კვალიფიკაცია, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა და მომსახურების პროცესში ჩართულობა, ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება.

იხილეთ შ.პ.ს. „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ (ბედიანის) მონიტორინგის ანგარიში

იხილეთ შპს აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მონიტორინგის ანგარიში



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)