საჯარო დებატები: გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის გამოწვევები
31 ოქტომბერს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
დებატებს მოდერაცია გაუწია გაეროს განვითარების ფონდის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა ნათია ნაცვლიშვილმა.
ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველის მოადგილემ ისაუბრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისთვის კონვენციაზე და ამ კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის ორგანოდ სახალხო დამცველის გამოცხადებაზე. აღნიშნა, რომ თავის უფლებამოსილებას სახალხო დამცველის აპარატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ წარმომადგენლებთან და თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კონსოლიდაციის გზით კონსტრუქციული თანამშრომლობით განახორციელებს. „ჩვენ მზად ვართ დავხვეწოთ მექანიზმი და ჩამოვაყალიბოთ კონვენციის იმპლემენტაციისა და პრაქტიკული განხორციელების დეტალები, რათა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით უკეთესი გარემო შეიქმნას,“ – განაცხადა პაატა ბელთაძემ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ ისაუბრა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაზე მისდამი რწმუნებული სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ნაწილში - განხორციელების პროცესზე და გამოწვევებზე. გეგმა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას კონვენციაში არსებული ვალდებულებების შესაბამისად. ასევე ისაუბრა სტატუსის მინიჭების ახალ მეთოდოლოგიაზე, რომლის მიხედვით, სამედიცინო დიაგნოზთან ერთად სტატუსის მინიჭებისთვის მნიშვნელოვანი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების და ფუნქციების შეფასება, რისთვისაც პროცესში ჩაერთვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი. ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე მოხდება არამარტო სტატუსის მინიჭება, არამედ საჭიროებების განსაზღვრა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აპირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ყველა სერვისი (დღის ცენტრი, ადრეული განვითარება, რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა) სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე გადაიყვანოს.
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენელმა ნატალია ჯალიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გაწერილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, მთელ რიგ პროექტებში სოლიდარობის ფონდის ჩართულობასა და თვითმმართველობის ორგანოების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამის ხელმძღვანელმა ლინა ღვინიანიძემ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ განხორციელების სახელმძღვანელო მიმოიხილა. აღნიშნა, რომ კონვენცია ცვლის მიდგომას ადამიანის უფლებებისადმი და მიუთითებს სახელმწიფოს – შექმნას ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩო ამ უფლებების რეალიზებისთვის.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების წარმომადგენელმა სიმონ პეტრიდისმა საკოორდინაციო საბჭოს გამოწვევებზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ფირაშვილმა გაეროს კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი, სახალხო დამცველის როლი და კონვენციის მონიტორინგისათვის მზადების პროცესში რეგიონებში გამართული შეხვედრები, მიმდინარე საქმიანობა და გეგმები განიხილა. აღნიშნა, რომ კონვენციის შესრულების სრული მონიტორინგისთვის უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა უწყებების და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა მონიტორინგის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დებატებზე დამსწრე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათმა წარმომადგნელებმა და თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა. საუბარი საკმაოდ მწვავედ წარიმართა, რომელიც ძირითადად შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობას მონიტორინგის პროცესში, მათთვის ახალი პროგრამების/სერვისების წამოწყების აუცილებლობას, არსებული პროგრამებისა და პენსიების ზრდას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას რეგიონებში.
იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა
იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი - ნაწილიI
იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი - ნაწილი II
იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი – ნაწილი III