სიახლეები

ქმედუნარიანობა – საკანონმდებლო რეფორმა იმპლემენტაციის გარეშე

2016 წლის 17 ოქტომბერს სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ქმედუნარიანობის საკანონმდებლო რეფორმის შესახებ კვლევის ანგარიში წარუდგინა.

კვლევა შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ქმედუნარიანობის სამართლებრივი რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა სასამართლოს 519 შემაჯამებელი გადაწყვეტილება, აქედან 341 აქტი შეეხება გადაწყვეტილებას პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით, ხოლო 178 სხვადასხვა მოტივით გამოცემული განჩინება.

კვლევის ძირითადი მიგნებების ნაწილში აღნიშნულია, რომ რეფორმის შემდგომი საკანონმდებლო რეალობა მეტწილად ითვალისწინებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მცირე გამონაკლისების გარდა შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოსა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებს. ამასთან საკანონმდებლო რეფორმა ვერ მოექცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებში და მისი სრულფასოვნად ამოქმედება 6-თვიან ვადას 2 თვით გადასცდა.

რეფორმის შემდეგ, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, შაბლონური და დაუსაბუთებელია; კვლავ სისტემურად დგას მხარდაჭერის დანიშვნის ბლანკეტურობის, ქმედუნარიანობის სრულად ჩამორთმევისა და პლენარული მეურვეობის პრობლემები. გარდა ამისა საერთო სასამართლოების ნაწილი არ იცავს საპროცესო ვადებს.

სახალხო დამცველის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს პირის ინდივიდუალურ საჭიროებებს. მხარდაჭერა უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ უფლებების, ან/და მისი იმ ასპექტების რეალიზაციისთვის, რომელიც პირის ინტერესებიდან გამომდინარეობს; აუცილებელია სასამართლოებმა უზრუნველყონ საპროცესო ვადების დაცვა, ასევე მეტი ყურადღება დაუთმონ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გადაწყვეტილების დასაბუთებულობის პრობლემას.

რეკომენდაციებში ასევე საუბარია, რომ საჭიროა კანონმდებლობაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომელიც მხარდაჭერის მიმღებ პირს უფლებას მისცემს გაასაჩივროს მხარდამჭერის ცალკეული გადაწყვეტილებები სასამართლოში; კანონმდებლობამ უნდა გასაზღვროს იმ უფლებების/უფლების ასპექტების ჩამონათვალი, რომელთა შეზღუდვა და მის განხორციელებაში მხარდამჭერის დანიშვნა დაუშვებელია.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით მკაფიო უნდა გახდეს პირის უფლება, საკუთარი სტატუსის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და სხვა.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

17.10.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)