სიახლეები

ონლაინ კონფერენცია - „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება საქართველოში“

2021 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ონლაინ კონფერენცია გამართა თემაზე - „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება საქართველოში.“

კონფერენციაზე განიხილეს ქვეყანაში მოქმედი შშმ პირთა და ბავშვთა მიზნობრივი პროგრამები და 2018-2020 წლებში ამ პროგრამების განხორციელების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები. ასევე, ისაუბრეს დღის ცენტრებში შშმ პირთა/ბავშვთა მომსახურების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში უსინათლო და მცირემხედველ პირთა საჭიროებებზე.

„წლების განმავლობაში, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები არსებითად არ იცვლება. ცალკეულ შემთხვევებში, შშმ პირთა საჭიროებებიდან გამომდინარე, იქმნება და ინერგება ახალი სერვისები, თუმცა თითქმის ყველა მომსახურების შემთხვევაში, პრობლემურია მომსახურებათა გეოგრაფიული დაფარვა, მეტწილად ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა და სერვისებს ჰყავთ მომლოდინეთა რიგები. პროგრამების დაგეგმვა არ ეფუძნება საჭიროებათა შესწავლასა და სტატისტიკურ მონაცემებს“ - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ღონისძიების გახსნისას.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კვლევის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018-2020 წლების სახელმწიფო პროგრამების ანალიზი“ შედეგები წარადგინა კვლევის ავტორმა - გია კაკაჩიამ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების მონიტორინგის ანგარიშის ძირითად მიგნებებზე ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ნინო ვალიკოვმა.

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)