სიახლეები

ონლაინ კონფერენცია - ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდება კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში

2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია თემაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდება კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში.“

კონფერენციაზე განიხილეს პანდემიის პირობებში ფსიქიატრიული სტაციონარული და სათემო ამბულატორიული სერვისების მიწოდების ხარისხი. ასევე, ისაუბრეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებზე კოვიდ 19-ის გავლენებზე.

„ვირუსის პრევენციის რეკომენდაციების შესრულების შესაძლებლობა მჭიდრო კავშირშია სისტემაში წლების მანძილზე არსებულ ინფრასტრუქტურული, დაფინანსების და სხვა გამოწვევებთან. სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და გადატვირთულობა დიდწილად არ იძლევა პანდემიის პერიოდში კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების გატარების, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისა და პაციენტების უსაფრთხო მართვის შესაძლებლობას,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ღონისძიების გახსნისას.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ანნა ჩერნიშოვა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კვლევის - „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების უსაფრთხო მიწოდება COVID-19 პანდემიის პირობებში“ შედეგები წარმოადგინეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა ნინო ვალიკოვმა და კვლევის ავტორებმა მარინე კურატაშვილმა და ქეთევან გელაშვილმა. ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებზე პანდემიის გავლენების შესახებ ისაუბრეს საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ეკა ჭყონიამ და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ქეთევან ფილაურმა.

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქიატრიის სფეროს პროფესიონალებმა, თემის წევრებმა, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე და წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)