სიახლეები

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა

2017 წლის 17-18 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რუსუდან კოხოძემ ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო ევროპის 14 სახელმწიფოს, თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ევროპული ფორუმის წარმომადგენლებმა.

სამუშაო ჯგუფის მიზანია ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის დამოუკიდებელ მექანიზმებსა და თანასწორობის ორგანოებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო ჯგუფის კომპეტენციის ფარგლები და 2018–2020 წლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა. ყურადღება გაამახვილეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33–ე მუხლის შესაბამისად მონიტორინგის დამოუკიდებელ ორგანოებად დასახელებული სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ინსტიტუტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას უძღვებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სარა ბრუნეტი და ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის გენერალური მდივანი დები კონერი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)