სიახლეები

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მე-12 კონფერენცია

2019 წლის 11-13 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის წევრ სახელმწიფოთა კონფერენციის მე-12 სესია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან კოხოძე ესწრებოდა.

რუსუდან კოხოძემ მოხსენების ფარგლებში კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მან ყურადღება გაამახვილა როგორც ინსტიტუციური მექანიზმების გაუმართაობაზე, ასევე იმ ძირითად პრობლემებზე, რაც წლების განმავლობაში აფერხებს შშმ პირთა მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებით ეფექტიანად სარგებლობას.

მიმდინარე წელს კონფერენციის თემა იყო: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზია სამყაროს ცვლილების პროცესში კონვენციის იმპლემენტაციის გზით“. ამასთან, მრგვალი მაგიდის ფორმატში ყურადღება გამახვილდა რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე: ციფრული ტექნოლოგიები, ინფორმაცია და კომუნიკაციები შშმ პირთა გაძლიერებისა და ინკლუზიის უზრუნველსაყოფად; სოციალური ინკლუზია და უფლება ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტზე; შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზია კულტურულ, რეკრეაციულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

კონფერენციის პარალელურად გაიმართა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა, სადაც სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულ ქსელს (ENNHRI) წარმოადგენს, ფინეთის ომბუდსმენთან ერთად.

გაეროში შშმ პირთა უფლებების კონვენციის წევრ სახელმწიფოთა კონფერენცია ყოველ წელს იმართება და მასში კონვენციის წევრი ყველა სახელმწიფო, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები, საერთაშორისო და შშმ პირთა ეროვნული არასამთვრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)