ანგარიშები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებს.

მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველისთვის მინიჭებული ორი მნიშვნელოვანი მანდატის – პრევენციის ეროვნული მექანიზმის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის აღსრულების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სახელმწიფოს ხუთ რეზიდენტულ დაწესებულებაში: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში, ძევრის, დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებული ბენეფიციარების უფლებათა დაცვის ხარისხი და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობა შეამოწმეს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული და დამხმარე კადრების სიმწირე, ფსიქო-სოციალური სერვისებისა და პროფესიული კადრების ნაკლებობა და დაბალი პროფესიონალიზმი, გარესამყაროსთან და ოჯახებთან (მათ შორის შვილებთან) კონტაქტის სიმწირე, სოციალური პასიურობა და საზოგადოებისგან იზოლაცია, ასევე დაწესებულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები შეუძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებას, რაც ბენეფიციართა უფლებების უხეში დარღვევების, მათ შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება, ზოგჯერ კი იწვევს შშმ პირთა სიცოცხლის უფლების დარღვევას. ამასთან ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე სერვისის მიმწოდებელთა მიერ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნის დონე უკიდურესად დაბალია. ბენეფიციარები არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებების ხელმძღვანელებს აღნიშნული საკითხების გათვალისწინება არ მიაჩნიათ ზრუნვის მნიშვნელოვან სტანდარტად.

გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების და ბავშვთა სახლების ადმინისტრაციის მიმართ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)