შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება საქართველოში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას, საქართველოს მთავრობის ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. შშმ ქალთა საჭიროებების კვლევისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება ეყრდნობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასა (UN CRPD) და მის ზოგად კომენტარებს. ასევე, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას (UN CRC), მის ზოგად კომენტარებსა და კონვენციას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW).
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა, პოლიტიკის დონეზე, არ არის პრიორიტეტული მიმართულება. გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი რეგულაციებისა თუ პროგრამების შექმნაში გამოიხატება, შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დასაცავად ეფექტიან გზად ვერ ჩაითვლება. ეს მიდგომები და პროგრამები ვერ ხედავენ შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებს, რომელიც უმეტესად, შესაძლოა, განსხვავდებოდეს შშმ კაცების საჭიროებებისგან. სახელმწიფოს არა აქვს სისტემური ხედვა, როგორ გააუმჯობესოს შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა ცხოვრების ყველა სფეროში. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით პრობლემურია სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოების არარსებობა, ურომლისოდაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია სრული სურათის დანახვა, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე შშმ ქალებისა და გოგოების ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ გარკვეულ სფეროებთან მიმართებით, როგორიცაა ჯანმრთელობის უფლებისა და ძალადობისგან დაცვა, უფლებების დაცვის სტანდარტი გაუარესდა კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში.
ანგარიში მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.