რესურსსკოლების მონიტორინგის ანგარიში
სახალხო დამცველის აპარატმა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, 2023 წლის მაისსა და ივნისში მონიტორინგი ჩაატარა თბილისსა და რეგიონებში არსებულ 7 რესურსსკოლაში.
მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნულ სკოლებში მოსწავლეებისთვის მიწოდებული განათლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხარისხის შეფასება, მათი შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო დოკუმენტებით და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებთან.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სათანადოდ არ რეალიზდება შშმ/სსსმ მოსწავლეების უფლებები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლების სპეციფიკის გათვალისწინებით არასაკმარისია მათი დაფინანსება. სასწავლო დაწესებულებებში ადგილი აქვს კვალიფიციური კადრების, მათ შორის, ჟესტური ენის თარჯიმნების ნაკლებობას; პრობლემას წარმოადგენს პერსონალის დაბალი ანაზღაურება; გამოწვევაა კადრების გადინება, სასწავლო მასალებისა და რესურსების ნაკლებობა. ხარვეზებით იწარმოება მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები; სკოლების პერსონალს ნაკლები ინფორმაცია აქვს ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების შესახებ; მისაწვდომი არ არის სასწავლო დაწესებულებების ფიზიკური გარემო და ინფრასტრუქტურა; არადამაკმაყოფილებელია ჰიგიენური პირობები; გამოწვევაა რესურსსკოლების გეოგრაფიული დაფარვა და სხვა.
წინამდებარე ანგარიშში ასახულია აღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები/გამოწვევები, მათი გადაჭრის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.
მონიტორინგი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.