ინკლუზიური განათლების მონიტორინგი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
2023 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეაფასა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მდგომარეობა - ვიწრო ფოკუსით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებზე. კერძოდ, კვლევის საგანს წარმოადგენდა, რამდენადაა შექმნილი შშმ სტუდენტებისთვის სწავლა/სწავლების თანასწორი, არადისკრიმინაციული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემო, რაც მათთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და საუნივერსიტეტო სივრცეში სოციალური ინკლუზიის საფუძველია.
შემოწმდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებული უნივერსიტეტები, მათი ტიპისა (საჯარო და კერძო) და ფუნქციონირების ისტორიის ( მრავალი წლის გამოცდილება და ახალი) მიხედვით.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურა, საუნივერსიტეტო სივრცეები, ვებგვერდები, სასწავლო რესურსები და ელექტრონული სწავლების პორტალები არ არის სრულყოფილად მისაწვდომი ყველა სახის შეზღუდვის მქონე სტუდენტისთვის. ამასთანავე, ინკლუზიური განათლების პროცესი არ არის წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება რეაქტიულ ხასიათს ატარებს. უნივერსიტეტებში არ არის საკმარისი მხარდამჭერი სერვისები, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი სტუდენტთა დამოუკიდებლობის ხელშეწყობისა თუ სასწავლო მასალებზე სრულყოფილი წვდომისთვის. შშმ სტუდენტები ნაკლებად არიან ჩართულები ექსტრაკურიკულურ და სამეცნიერო აქტივობებში. სტიგმის შემცველი დამოკიდებულებების გამო, ისინი ხშირად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დამალვას ამჯობინებენ. აკადემიური პერსონალი არ არის ინფორმირებული ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეთიკური ტერმინოლოგიის, შშმ პირებთან მუშაობის სპეციფიკის, თანამედროვე დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო რესურსების მოდიფიციკაციის საკითხებზე.
კვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.