სიახლეები

ზოგადი წინადადება ინკლუზიური განათლების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილების შესახებ

2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა ზოგადი წინადადებით, რომლითაც მოუწოდა, რომ დააჩქაროს ინკლუზიური განათლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე დეტალურად განისაზღვროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები, რომლებიც აამაღლებს მის ეფექტურობას სკოლებში ინკლუზიური განათლების ორგანიზებისა და მასზე ზედამხედველობის თვალსაზრისით, ასევე მისი, როგორც სკოლასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობლებს შორის შუამავლის ფუნქციებს.

სახალხო დამცველს მომართა აუტისტური სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ, რომლის განცხადებით, სკოლაში არ ხდება მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინება - სკოლის დირექტორის მითითების თანახმად, დაგვიანების შემთხვევაში, როდესაც გაკვეთილის დასრულებამდე მცირე დროა დარჩენილი, ბავშვი არ უნდა დაიშვას კლასში. დირექტორის ერთპიროვნულ მითითებას სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის სპეციფიური საჭიროებებისადმი არათანმიმდევრული მიდგომა, ასევე ინკლუზიური განათლების მომწესრიგებელი არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა ახალისებს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ.

სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასევე მიმართა, რომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს სპეციალური მასწავლებლის როლი და უფრო ეფექტური გახადოს მისი ფუნქციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინკლუზიურ სასკოლო განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სახალხო დამცველმა სამინისტროს მოუწოდა, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს სკოლის დირექტორის სადავო მითითებაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)