სიახლეები

ზოგადი წინადადება საქართველოს მთავრობას სოციალური პაკეტით სარგებლობისას დისკრიმინაციის საკითხზე

2021 წლის 4 აგვისტოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ N279 დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების გამოყენებისას შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილების შესახებ ზოგადი წინადადებით მიმართა.

როგორც დადგენილების შეფასებისას გამოირკვა, თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამოა ზოგადი წესი, რომლითაც აკრძალულია ერთზე მეტი სოციალური სარგებლის მიღება სახელმწიფოსგან (გარდა მცირე გამონაკლისი შემთხვევებისა). გარდა ამისა, ზოგად წინადადებაში დისკრიმინაციულად არის შეფასებული ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქის მიმართ მოქმედი ზოგადი წესი, რომლის თანახმად, პირს საქართველოსგან სოციალური პაკეტის მიღება არ შეუძლია, თუკი იგი მეორე ქვეყნისგან იღებს პენსიას. ზოგად წინადადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ზოგადი წესებით, არ მიიღწევა სოციალური პაკეტების მიზნები, და მათში არც დაუცველი ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებებია გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადაიხედოს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ N279 დადგენილებით განსაზღვრულს წესებს და მოქალაქეთა ინტერესებს მოარგოს ისინი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)