ვებინარი სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების იმპლემენტაციის საკითხებზე
2020 წლის 16 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო ვებინარში თემაზე - სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების იმპლემენტაცია: მიღწეული შედეგები და გამოწვევები.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვიდან 1 წლის შემდეგ იმ შედეგებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც აპარატი პრაქტიკაში ეფექტური განხორციელების თვალსაზრისით აწყდება.
„როდესაც ჩვენ სექსუალური შევიწროების შემთხვევების განხილვა დავიწყეთ და მათ შორის, დისკრიმინაციის რამდენიმე ფაქტიც დავადგინეთ, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა არ არსებობდა და ვცდილობდით საქმეები საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ განვითარებული სტანდარტების საფუძველზე გამოგვეკვლია.
2019 წელს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებამ შესაძლებელი გახადა საზოგადოებამდე მივიტანოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ. შედარებით გაიზარდა მომართვიანობაც და დღეისთვის 20 სავარაუდო ფაქტი განვიხილეთ და 11 ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება დავადგინეთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქმეების მრავალფეროვნება ეროვნული სტანდარტების დანერგვისა და საუკეთესო პრაქტიკის განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს“.
გამოწვევების თვალსაზრისით სახალხო დამცველმა შეტყობინების კვლავ მცირე მაჩვენებელს გაუსვა ხაზი - ქალებს ისევ უჭირთ სოციალური თუ ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა. სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მტკიცებულებების არარსებობა ან არასაკმარისობა. იკვეთება ხელმძღვანელი პირების მხრიდან სექსუალური შევიწროების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება. სექსუალური შევიწროების თავიდან აცილებისთვის, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს ყველა ორგანიზაციას ჰქონდეს რეალურად მოქმედი პრევენციის და გასაჩივრების შიდა მექანიზმი.
გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აპარატი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მუშაობს სექსუალური შევიწროების სახელმძღვანელოზე, რომელშიც საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები და პრაქტიკა იქნება თავმოყრილი. ასევე, განახლების პროცესშია ელექტრონული სასწავლო კურსი სექსუალური შევიწროების საკითხებზე. „სექსუალური შევიწროების წინააღდეგ ბრძოლა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ონლაინ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიტი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.
თემატური განხილვისას მოხსენება წაიკითხა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა, რომელმაც სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლის პროცესში მტკიცებულებების არასაკმარისობის, მსხვერპლებისთვის არსებული ფსიქო-სოციალური ბარიერების და სხვა გამოწვევების შესახებ ისაუბრა; ასევე შეეხო იმ გაუმჯობესებულ ტენდენციებს, რომელიც სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას მოჰყვა.
ვებინარი საქართველოს პარლამენტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG) ორგანიზებით გაიმართა.