სპეციალური ანგარიში ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ
2019 წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამ ხელი შეუწყო დისკუსიას თანასწორობის შესახებ და ამავე დროს, შესაძლებელი გახადა იმ პრობლემების უფრო ნათლად დანახვა, რასაც დაუცველი ჯგუფები თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ აწყდებიან. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და არასწორი აღქმის დასაძლევად სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.
საანგარიშო პერიოდში, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 159 ფაქტი შეისწავლა და 21 შემთხვევაში რეკომენდაცია, ხოლო 9 შემთხვევაში ზოგადი წინადადება გამოსცა . სახალხო დამცველისადმი სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, კვლავ საჯარო სექტორს უკავშირდება (69%).
სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით მიმართავდნენ (16%) შემდეგ მოდის პოლიტიკური და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია (12%) რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია (11%) და სხვა. რაც შეეხება სფეროს, განცხადებების ყველაზე დიდი ნაწილი შრომით ურთიერთობებში განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხება.
სახალხო დამცველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ 22 გადაწყვეტილება საჯარო პირის, 8 კი - კერძო პირის მიმართ გაიცა. მათგან, ყველაზე მეტი 6 – სქესის ნიშნით დისკრიმინაციას, 5 – შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და 5 პოლიტიკური/განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შემთხვევებს შეეხებოდა. ამასთან, გამოიცა ზოგადი წინადადება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანად გამოძიების საკითხზე.
თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა ტრენინგები ჩაატარა და საინფორმაციო შეხვედრები გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 200 თანამშრომელთან, საჯარო სკოლების 51 მასწავლებელთან, 70 ჟურნალისტთან, კერძო კომპანიების 120 თანამშრომელთან, პროფესიული კავშირების 30 წევრთან, 30 შრომის ინსპექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციების 50 წარმომადგენელთან.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში სახალხო დამცველის აპარატი თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) წევრი გახდა. ქსელის წევრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან და საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელსაც ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა მიეცა.
პრეზენტაციაზე თანასწორობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ, სახალხო დამცველის ინიციატივით მომზადებული ვიდეორგოლები წარმოადგინეს.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია